რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია უმრავლესობით დაგმო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას უკანონოდ და არალეგიტიმურად აფასებს

ასამბლეის საგანგებო სესიაზე აშშ-ს ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კენჭისყრა "მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინისა და ევროპის მომავლისთვის, არამედ გაეროს ინსტიტუტის საფუძვლიანობისთვისაც".

"საბოლოოდ, გაერო აშენდა ამ იდეაზე - არასდროს მისცეს ერთ ქვეყანას უფლება, ძალით მიისაკუთროს სხვა ქვეყნის ტერიტორია.

ასე რომ, მოდით, დღეს გავაგზავნოთ მკაფიო მესიჯი - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკანონო ანექსიის მცდელობებს არ მოითმენს. ჩვენ მას არასდროს ვაღიარებთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მოითმენს მეზობლის მიწების ძალით მიტაცებას, გაეროს წესდების განადგურებას, ჩვენ მას უპირობოდ დავიცავთ.

დღეს ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა: არ აქვს მნიშვნელობა თქვენ, როგორც ერი, დიდი ხართ თუ პატარა, მდიდარი თუ ღარიბი, ძველი თუ ახალი - თუ თქვენ გაეროს წევრი ხართ, თქვენი საზღვრები დაცულია საერთაშორისო სამართლით. არ არსებობს ძალა, რომელსაც მათი უკუგდება შეუძლია". - თქვა თომას-გრინფილდმა. 

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას ისტორიული უწოდა და მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინას მხარი დაუჭირეს.

მადლობელი ვარ იმ 143 სახელმწიფოსი, რომლებმაც გაეროს ისტორიულ რეზოლუციას "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა" მხარი დაუჭირეს. მსოფლიომ თქვა - რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და მას თავისუფალი ქვეყნები არასდროს აღიარებენ. უკრაინა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს". - წერს ზელენსკი Twitter-ზე. 

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონოდ ანექსიის მცდელობის შესახებ რეზოლუციას მხარი საქართველომაც დაუჭირა. 

კომენტარები