უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მტერმა ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო. ზელენსკის განმარტებით, დღეს დილის მდგომარეობით რუსეთმა გაისროლა 28 რაკეტა, მათგან 20-ის ჩამოგდება უკრაინამ შეძლო.
"15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატიდან, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ, ასევე, თქვა, რომ აღდგენითი სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.
"რომ არა დღევანდელი დარტყმები, უკვე აღვადგენდით ელექტრომომარაგებას, წყალმომარაგებას და კავშირს - ტერორისტების მიერ გუშინ დაზიანებულს. დღეს კი რუსეთი მხოლოდ ერთ დამატებით რამეს მიაღწევს: ჩვენს აღდგენას ოდნავ შეაფერხებს". - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყვეტილია.





