რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუმის დეპუტატი: საწყობებიდან მილიონ-ნახევარი სამხედრო ფორმა გაქრა

სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის ყოფილი მოადგილის, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ანდრეი გურულიოვის თქმით, საწყობებიდან მილიონ-ნახევარი სამხედრო ფორმა დაიკარგა.

"წარმოდგენა არ მაქვს, სად წავიდა", - აღნიშნა გურულიოვმა. 

რუსეთში მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რეგიონებიდან რეგულარულად მოდის ცნობები სამხედროებისთვის საბაზისო უნიფორმის, პირველადი დახმარების ნაკრების, ფეხსაცმლისა და სამხედრო ფორმის არარსებობის შესახებ.

"ეს ყველაფერი იქ იყო, სად აორთქლდა? ამას ვერსად ვერავინ ხნის!", - თქვა დეპუტატმა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

კომენტარები