რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ლიმანი ოკუპანტებისგან სრულად გავათავისუფლეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქში ქალაქი ლიმანი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია. ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა. 

ზელენსკიმ Telegram-ზე გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება და მომავალ კვირებში სხვა დასახლებებიც გათავისუფლდება. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დახევა აღიარა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

ლიმანის დაკავება კრემლისთვის დიდი მარცხია მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიალზე დონეცკის რეგიონის ანექსია გამოაცხადა.

ლოჯისტიკური პუნქტი

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

"ლიმანი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შემდეგი ნაბიჯია დონბასის გათავისუფლებისკენ. ეს უკრაინის ჯარებს კრემინასა და სევეროდონეცკში წინსვლის საშუალებას მისცემს, რაც ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანია". - აღნიშნა მან. 


30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის ეს ნაბიჯი თაღლითობად შეაფასეს. უკრაინამ პირობა დადო, რომ რუსული ძალებისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებას გააგრძელებს, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის იქამდე არ გაიმართება, სანამ პუტინი პრეზიდენტი იქნება. 

კომენტარები