რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიმანის შემდეგ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყება – გაიდაი

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი, დონეცკის ოლქის ლიმანის განთავისუფლების შემდეგ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაციის დაწყებას ელის.

"მას შემდეგ, რაც ოკუპანტები დატოვებენ ლიმანს (თუ შეუძლიათ და თუ დრო აქვთ), ლიმანის შემდეგ დაიწყება ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია. ჩვენ ყველა ამას ველოდებით, ჩვენ მოვემზადეთ".- ამბობს გაიდაი. 

მისივე თქმით, თუ როგორ და რა მიმართულებით მოხდება დეოკუპაცია, ეს სამხედროების საკითხია.

გაიდაიმ ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტები, რომლებიც ლიმანიდან გარბიან, აქვეყნებენ ვიდეოებს, რომ ისინი დემოტივირებულები არიან და არ იციან რა გააკეთონ.

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დახევა აღიარა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

ლიმანის დაკავება კრემლისთვის დიდი მარცხია მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიალზე დონეცკის რეგიონის ანექსია გამოაცხადა.

ლოჯისტიკური პუნქტი

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

"ლიმანი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შემდეგი ნაბიჯია დონბასის გათავისუფლებისკენ. ეს უკრაინის ჯარებს კრემინასა და სევეროდონეცკში წინსვლის საშუალებას მისცემს, რაც ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანია". - აღნიშნა მან. 


30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის ეს ნაბიჯი თაღლითობად შეაფასეს. უკრაინამ პირობა დადო, რომ რუსული ძალებისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებას გააგრძელებს, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის იქამდე არ გაიმართება, სანამ პუტინი პრეზიდენტი იქნება. 

კომენტარები