ოჯახში ძალადობა

კაცს, რომელმაც ავტობუსის გაჩერებაზე ცოლი დაჭრა, 4 წლით ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

ShutterStock

კაცს, რომელმაც ავტობუსის გაჩერებაზე ცოლი დაჭრა, 4 წლით იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ბრალდებულის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა შეწყდა.

"დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე, დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, და 23 მაისს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა. ასევე, გამოძიება მას შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას და ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდს ედავებოდა. 

კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, "გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ბრალდებული შეურაცხადია".

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს.

კომენტარები