საქართველო-რუსეთი

28 სექტემბერს ლარსის სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

დროა / Facebook

28 სექტემბერს, 15:00 საათზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან პარტია დროას ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მსურველი მოქალაქეების ნაკადის ზრდასა და ქვეყანაში მათ შემოშვებას აპროტესტებენ.

"რუსეთში "მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა. რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ". – ნათქვამია დროას განცხადებაში.

ორგანიზატორების ცნობით, მოქალაქეები 28 სექტემბერს, 10:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და და ლარსის გამშვები პუნქტისკენ გაემართებიან.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგია და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ასეც გაგრძელდება.

კომენტარები