დაპირისპირება ენმ-ში

ბოკერია ენმ-ზე: ფანატიზმისა და პოლიტიკური კარიერის გაერთიანება მორალური გახრწნით მთავრდება

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაბიჯები მთელ ოპოზიციურ სპექტრზე ასოცირდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ბოკერიას თქმით, ენმ-ს მხრიდან გადადგმულ არასათანმიმდევრულ და უპრინციპო ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა შემდეგ ყველაზე ვრცელდება.

"ხშირად მომისმენია ქუჩაში ადამიანებისგან პრეტენზია, ბევრჯერ სამართლიანი, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უსამართლო იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დგამდა, ჩემი აზრით, არასათანმიმდევრულს, უპრინციპოს და მერე ამის პასუხისმგებლობა ყველას ეკიდებოდა, მათი ზომის გამო. ამიტომ, რაც ხდება იქ, არ არის მხოლოდ მათი საქმე და ამაზე საუბარი ლეგიტიმურია, ოღონდ დეტალებზე არა. საერთო ჯამში, უკვე წლებია მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანებს არ აერთიანებს პოლიტიკური შეხედულებები, ფასეულობები და აერთიანებთ ან მხოლოდ ფანატიზმი ან მხოლოდ სურვილი, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ, ეს ყოველთვის მთავრდება ამ ტიპის მორალური გახრწნით და პოლიტიკური კრიზისით. ეს არის ჩემი შეფასება. ყველა ჯგუფს ეხება ეს, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში სხვადასხვა დოზით აქტიურობს. ამაზე მეტი კომენტარი ამ მომენტში საჭიროდ არ მიმაჩნია". - ამბობს გიგა ბოკერია.

25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

26 სექტემბერს "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში.

შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებს ენმ.

კომენტარები