დაპირისპირება ენმ-ში

ბოკერია: ნაციონალური მოძრაობა იხრწნება

"რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის მაგალითი იმისა, რაც უნდა წარსულს ჩაბარდეს" - ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ მხარდაჭერას არ იმსახურებს არცერთი ძალა, რომელსაც არ აქვს მყარი შეხედულებები. ბოკერიას აზრით, თუ მოქალაქე ანგარიშს არ სთხოვს პოლიტიკურ ძალას და უკმაყოფილების მიუხედავად მაინც მხარს უჭერს, "მაშინ ეს ძალა ისე იხრწნება, რასაც დღეს ვხედავთ ნაციონალურ მოძრაობაში".

გადაცემის წამყვანმა ევროპული საქართველოს ლიდერს დაზუსტებისთვის ჰკითხა - "ნაციონალური მოძრაობა იხრწნება, ამას ამბობთ თქვენ?", რაზეც გიგა ბოკერიამ უპასუხა - "ჰო, ჰო, რა თქმა უნდა". 

"სანამ ეს ხდება, რომ მოსულა ყველაფერი, ტალახის სროლა ერთმანეთისთვის, დაბრალება მოღალატეობის, შეკვრის, შემოკვრის, რასაც საფუძველი ჩაეყარა წლების წინ, მანამდე ეს ყველაფერი გაგრძელდება. ამ ყველაფრის ძირია, როცა ადამიანებს ღირებულებები და ფასეულობები არ აერთიანებთ, პოლიტიკური შეხედულებები არ აერთიანებთ, უბრალოდ, აერთიანებთ ამ მომენტის ინტერესები და სხვადასხვა დაჯგუფება ერთმანეთს ერძვის, მათ შორის, ძალიან ბინძური მეთოდებით. 

მოქალაქეებმა უნდა გამოიტანონ დასკვნა, რომ თუ ანგარიშს არ მოსთხოვ, თუ შედეგს არ დაუყენებ პოლიტიკურ ძალას შემდეგ არჩევნებზე და მაინც მხარს დაუჭერ იმიტომ, რომ არ მოგწონს ხელისუფლება, მაშინ ეს ძალა ისე იხრწნება, რასაც დღეს ვხედავთ ნაციონალურ მოძრაობაში.

მხარდაჭერას არ იმსახურებს არცერთი ძალა, რომელსაც არ აქვს მყარი შეხედულებები, რომელსაც შეუძლია, დღეს ერთი თქვას, ხვალ მეორე, ერთმანეთს ტალახი ესროლოს...ხვალ მოღალატედ გამოაცხადოს...  დღეს როგორც ექცევიან მელიას, როგორც ესხმიან თავს, ზუსტად ასე მელია თავს ესხმოდა სხვებს თავის დროზე, შეკვრაზე, მოღალატეობაზე ლაპარაკობდა" - თქვა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.


25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

26 სექტემბერს "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში.

შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებს ენმ.

კომენტარები