ფუნტი

ბრიტანეთში გადასახადების შემცირების გეგმის გამოცხადების შემდეგ, ფუნტი რეკორდულად დაეცა

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, კვასი კვანტინგი

ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა უკანასკნელ 50 წელში გადასახადების ყველაზე მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

აზიის საფონდო ბირჟაზე, დილის მონაცემებით ერთი ფუნტის ღირებულება $1.03 იყო, მოგვიანებით კი 1.06 დოლარამდე გაიზარდა. 

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, კვასი კვარტინგის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გადასახადების შემცირების 45-მილიონიანი ფუნტის პაკეტის გარდა, გადასახადების დამატებით შემცირებასაც გეგმავს. 

ფუნტის გაუფასურება მსოფლიოში დოლარის გამყარების ტენდენციასაც უკავშირდება. გარდა ფუნტისა, ევრო დოლართან მიმართებით ასევე 20-წლიან მინიმუმზეა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მაჩვენებელი რეცესიის რისკებსა და რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისს უკავშირდება. 

ფუნტის დოლართან მიმართებით გაუფასურება ნიშნავს, რომ დოლარში შეფასებული საქონლის იმპორტზე, ნავთობისა და გაზის ჩათვლით, ფასები გაიზრდება. 

ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ გადასახადების შემცირება და სახელმწიფო სესხების ზრდა ქვეყანაში ინფლაციას გაზრდის, რაც ინგლისის ბანკს აიძულებს, კიდევ უფრო გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. თავისთავად, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ყოველთვიური იპოთეკური ხარჯების ზრდას გამოიწვევს.  

გასულ კვირას, ინგლისის ბანკმა ინფლაციის შესაკავებლად, რომელიც უკანასკნელი 40 წლის მაქსიმუმზეა, საპროცენტო განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით, 2.25%-მდე გაზარდა. ამჟამად, დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 9.9%-ს მიაღწია. 

ზოგიერთი ეკონომისტის ვარაუდით, ინგლისის ბანკმა შესაძლოა სექტემბრის ბოლომდე დამატებით შეხვედრები დანიშნოს, რათა საპროცენტო განაკვეთი კიდევ გაზარდოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთი მომავალ გაზაფხულამდე 5.5%-ს მიაღწევს.

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ბანკებში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი შედარებით დაბალია. 

თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს, შესაბამისად, ინგლისის ბანკს ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება მოუწევს, რათა ინფლაციის შესაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს.

კომენტარები