ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა: ენგურის ხიდთან აქცია მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას

ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ენგურის ხიდთან აქტივისტების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და მას "მორიგ პროვოკაციად" აფასებს. 

დე ფაქტო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მსგავსი ქმედებები მიმართულია სასაზღვრო ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ". 

"მიუხედავად საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სურს არსებული წინააღმდეგობები მშვიდობიანი გზით გადაჭრას, პრაქტიკაში საქართველო დგამს სხვადასხვა ნაბიჯებს, რამაც შეიძლება შეარყიოს უსაფრთხოების საფუძვლები ჩვენს რეგიონში.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ს საელჩომ და USAID-მა ქართველ საზოგადოებრივ აქტივისტებს აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების საკითხის გააქტიურება დაავალეს. ამერიკელი კურატორების მიერ სტიმულირებული პროვოკაციები უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში".- აღნიშნულია განცხადებაში. 

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან აქცია 24 სექტემბერს გაიმართა. მონაწილეებმა საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები, ასვეე ბანერი მიიტანეს, რომელსაც "აფხაზეთი საქართველოა" ეწერა და რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
 


26 სექტემბერს, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია, სადაც იქნება ნაჩვენები ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები