თეა წულუკიანი

წულუკიანი: როგორც ქალ მინისტრს, მაქვს პრობლემები ფედერაციებთან, მაგრამ მოვუვლით თვითონ

თეა წულუკიანი
იმედი

"კი, ქალ სპორტის მინისტრს მაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება, ამაზე შორს არ წავალ, იმიტომ, რომ ქართული სპორტის იმიჯი არ მინდა, რომ დავანგრიო" - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ ხათუნა სამნიძეს. რესპუბლიკური პარტიის წევრმა მინისტრს ჰკითხა - "თქვენ თქვით, რომ სპორტულ ფედერაციებთან სახელმძღვანელო პრინციპების გაზიარებამ მშვიდობიანად ჩაიარა, გთხოვთ გვითხრათ, ვისთან გქონდათ ომი".

"დღე ერთია და ხუთჯერ გელანდებათ ომი, რა. არ იქნება ომი და არ მქონია მე არავისთან ომი...  არ ვარ ეხლა მზად, არავითარი სურვილი არ მაქვს, თქვენ დაგისახელოთ ფედერაციები, იმიტომ, რომ ეს ფედერაციები, რაც არ უნდა ზოგიერთ მათგანთან სერიოზული კითხვის ნიშნები მქონდეს, ეს ის ფედერაციებია, რომლებიც ჩვენი სამინისტროს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებია და ეხლა ვერ მოგიგდებთ თქვენ მე საჯიჯგნად.

მე რა ურთიერთობები მაქვს ფედერაციებთან, ეს ჩემი ურთიერთობებია, მე გადავწყვიტე, მეთქვა თქვენთვის, რომ მშვიდობიანად ჩაიარა, იქ არის პიროვნული თემებიც, კი, სამინისტროს ვხელმძღვანელობ მე და კი, ხშირად სპორტში ასე ხდება, სამწუხაროდ, რომ ინსტიტუციები არ ესმით და პიროვნულია ბევრი რამ. ეს იცით, ალბათ" - ამბობს კულტურის მინისტრი.

თეა წულუკიანის თქმით, "პრობლემები" ერთეულ ფედერაციებთან აქვს.

"ორი თუ სამია, შეიძლება ოთხიც. 93-ში ოთხი არ არის დიდი პრობლემა, მოვუვლით ჩვენ თვითონ ამ ურთიერთობებს. თუმცა, ქალთა უფლებების კურსის წაკითხვისთვის ალბათ დარჩენილი ორი წელი არ მეყოფა...

....თქვენ რომ ახლა იყოთ ცოტა სხვა ნოტაზე და მეც რომ ვიყო თქვენთან სხვა ნოტაზე, ძალიან ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი, მათ შორის, როგორ ურთიერთობენ სპორტული ფედერაციები ქალ მინისტრთან, მაგრამ რომ არა მაქვს იმედი, რომ ჩემს უფლებებს დაიცავთთ, ამიტომ არ მინდა თქვენთან ამ თემაზე საუბარი, პრობლემაა და თან, ზოგჯერ ძალიან დიდი და ეს იცის აქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, ვინც სპორტს იცნობს კარგად, ჰო, სამწუხაროა, რომ მერე თქვენ ჯიჯგნოთ ეს თემა, პოლიტიკურ სპეკულაციებად აქციოთ" - ამბობს მინისტრი.

თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ძალადობა სპორტში "სერიოზული პრობლემაა" და ამაზე სამუშაოა.

"იმაზეც სამუშაოა, მაგალითად, ეშხში შევედი, ხომ ხედავთ, უბრალოდ, ვცდილობ, ბევრი რამე არ წამომცდეს. იმაზეც სამუშაოა, რომ ძალადობა სპორტში არის პრობლემა, მათ შორის არის პრობლემა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო, ისე როგორც კულტურის სამინისტრო, არ იყოს მიჩნეული როგორც "მოიტა ფული და არაფერი არ მკითხო". ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა იმის, რომ შეიძლება ეს ფული როგორც გინდა ისე გამოიყენო და თუ ვინმე შეგეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ასე შემდეგ.

მაგრამ მე იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ, ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც მაქვს და არ გავიწევი, არ მაქვს კუნთები, მაგრამ სხვა რამეები არ მაკლია" - თქვა თეა წულუკიანმა მინისტრის საათზე სიტყვით გამოსვლისას.


კულტურის და სპორტის მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციის რამდენიმე ქალმა დეპუტატმა ბრიფინგი გამართა. ხათუნა სამნიძის თქმით, "ქალთა მიმართ ძალადობა არის საკითხი, რომელიც სცდება პარტიულ ინტერესებს და გაცილებით მნიშვნელოვანია, ამიტომ თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ საჯაროდ ამაზე საუბრისას გვერდში დაუდგებიან ქალი პოლიტიკოსები".

იმავე ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ "არ შეიძლება, მინისტრი ქალი იმ მდგომარეობაში იყოს, რომ ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას მამაკაცებთან ურთიერთობა. ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია და განიცდის უთანასწორობას, მისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ვიქნებით სოლიდარული და დავიცავთ მათ უფლებებს".

კომენტარები