რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ოკუპანტები მათ სახელებს იწერენ, ვინც რეფერენდუმზე "არა"-ს ხაზავს

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტები კარდაკარ დადიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სახლებში უვარდებიან რეფერენდუმში მონაწილეობას აიძულებენ.

"მოსახლეობას აიძულებენ, შეავსონ გარკვეული ფორმები საკუთარი ბინების სამზარეულოებში და ეზოებში. უცნაურად გამოიყურება. კონფიდენციალურობა სრულად დარღვეულია. [...] ოკუპანტები მოსახლეობას არ აძლევენ ლუგანსკის ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქების დატოვების საშუალებას, რათა არცერთი ხმა არ დაკარგონ". – წერს გაიდაი.

გაიდაიმ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ე.წ საარჩევნო კომისიის წევრებს თან ახლავთ შეიარაღებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე კარს არ გააღებს, შეიარაღებული პირები კარების შემტვრევით ემუქრებიან. თუ პიროვნება რეფერენდუმის ბიულეტენზე შემოხაზავს "არა"-ს, მის სახელს შესაბამის სიაში აღრიცხავენ.

გაიდაიმ დაამატა, რომ მაცხოვრებლების სახლებში მისვლის მიზანი მამაკაცთა აღრიცხვაა, რომელთა უკრაინის წინააღმდეგ "საზარბაზნე ხორცად" გაშვება იქნება შესაძლებელი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან აქვთ.

კომენტარები