რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს, არიან დაკავებულები

რუსეთის ქალაქებში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ციმბირსა და აღმოსავლეთში ხალხი ქალაქების ცენტრალურ მოედანზე იკრიბება - დაპატიმრების შიშით სლოგანებისა და პლაკატების გარეშე. 

ხაბაროვსკში მობილიზაციის წინააღმდეგ 12 ადამიანი შეიკრიბა. ისინი აპროტესტებენ მდუმარედ, პლაკატების გარეშე. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მობილიზაციის გამო გაოცებულები არიან, რესპონდენტები დევნის შიშით უარს ამბობენ სახელების თქმაზე.

იაკუტსკში, 21 სექტემბერს საღამოს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ცენტრში მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა.

ირკუტსკში დააკავეს 10-მდე ადამიანი, მაშინ როცა ცენტრალურ მოედანზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებული. 

საერთო ჯამში, მოსკოვის დროით 17:00 საათზე, OVD-Info-ს ცნობით, 10-მდე ქალაქში 60-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. 

ულან-უდეში აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი ხელნაკეთი პლაკატებით მივიდა. პოლიციამ პლაკატების განადგურება მოითხოვა. დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე რუსულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ ვესნამ და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა რუსეთის მოქალაქეებს მობილიზაციის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდეს, ხოლო ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია ნაწილობრივი და სრული მობილიზაციის წინააღმდეგ, რასაც 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა.

მოსკოვის პროკურატურა ქალაქის მოსახლეობას ადმინისტრაციული სასჯელითა და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა აქციებში მონაწილეობისა და ორგანიზებისთვის ან მოწოდებისთვის.

პარალელურად, პეტერბურგში, რაიონულმა ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტებს დაავალა, მოეპოვებინათ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების მხარდასაჭერ აქციაში. ამის შესახებ როტონდა რამდენიმე მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ადმინისტრაციები მათგან 5-10 ადამიანს ითხოვენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

კომენტარები