საცობები თბილისში

კალაძე საცობებზე: ამ დისკომფორტს ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ, ისე არ გამოვა

კახა კალაძე

თბილისის მერი, კახი კალაძე დედაქალაქში საცობების თემას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ამის მთავარი მიზეზი თბილისის რამდენიმე გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.

"მინდა, შევეხო თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია. ეს არის თბილისში საცობების საკითხი. ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა ხდება და რატომ არის ქალაქში ასეთი საცობი. განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბნებში, რომელიც ამ მასშტაბის არასოდეს ყოფილა. პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რომელსაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე და რთული თემა იყო. ეს იყო მთლიანად ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ყველას გვაწუხებს საცობები, რომლებიც ქალაქში შეინიშნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებითაა გამოწვეული, რომელიც მერიამ დაიწყო. 2 უმნიშვნელოვანეს გამზირზე, მელიქიშვილსა და ქეთევან წამებულზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც სამუშაოებს ვიწყებთ, გვინდა, რომ ის ადგილი მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით იმიტომ, რომ დღეს ამ მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. ცხადია, მხოლოდ მოასფალტება და გზის საფარის შეცვლა გაკეთებული საქმე არ იქნება და ხვალ/ზეგ, შეიძლება, ისევ გადათხრა და სამუშაოების წარმოება მოგვიწიოს დაზიანებული მილისა და სხვადასხვა პრობლემის გამო. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ჩვენ თქვენთან ერთად მივიღეთ. საზოგადოებას ავუხსენით, რომ ზედაპირული პროექტების განხორციელება არ გვინდა. რა თქმა უნდა, ამას დისკომფორტი და პრობლემები თან ახლავს". - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შექმნილი დისკომფორტისთვის საზოგადოებას მოუბოდიშა და თქვა, რომ თბილისის განვითარებისთვის ამ დისკომფროტს ყველამ ერთად უნდა გაუძლოს.

"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ გამზირებზე მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წლის განმალობაში მხოლოდ ერთი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, თუმცა, ამ სამუშაოების გარეშე ქალაქის განვითარება შეუძლებელია. თუ ვინმე გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია ისე, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს, მაგრამ მსოფლიოში ასეთი რამ არ არსებობს. ამ დისკომფორტს ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ. მაგრამ, გარწმუნებთ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, თბილისი გაცილებით უკეთესი იქნება". - ამბობს კალაძე.

კომენტარები