რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიუხედავად ბოლო კვირების მიღწევებისა, ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ასევე, Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის შედეგი უკრაინისთვის უცხოური იარაღის სწრაფ მიწოდებაზეა დამოკიდებული და კვლავ მოუწოდა ქვეყნებს უკრაინაში იარაღის გაგზავნისკენ.

"ჩვენ მეტი დახმარება გვსურს თურქეთისგან, სამხრეთ კორეისგან, ასევე,, არაბული სამყაროსგან, აზიიდან". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმ ფსიქოლოგიურ ბარიერზე, რომელიც გერმანიას, ნაცისტური წარსულის გამო, უკრაინაში დიდი რაოდენობით მძიმე იარაღის გაგზავნისგან აკავებს, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბერლინის მიერ მიწოდებული იარაღის მარაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა თავი დაიცვას რუსული ფაშიზმისგან. 

ზელენსკიმ სწრაფი კონტრშეტევის წარმატებებზეც ისაუბრა, თუმცა, უარყო ნებისმიერი ვარაუდი იმაზე, რომ ომი საბოლოო ფაზაში შედის. 

"ამ ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ასევე, ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ თუ უკრაინა კონტრშეტევას არ წამოიწყებდა და ტერიტორიული მიღწევები შთაბეჭდილებას არ მოახდენდა საერთაშორისო საზოგადოებაზე, დასავლეთის ქვეყნები უცხოური იარაღის მიწოდებას შეამცირებდნენ. 

"ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც გავლენა მოახდინა, ან მოახდენს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები