რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთი ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს უფრო მეტად ყიდულობს

ირანული Shahed-136 ტიპის დრონის გაშვება სამხედრო ვარჯიშებზე, ირანი, 2021 წლის დეკემბერი
The Times of Israel

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი, საკუთარი მარაგების შემცირების ფონზე, სავარაუდოდ, სხვა სანქცირებული ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო და უფრო მეტ იარაღს ყიდულობს. 

როგორც ბრიტანული დაზვერვა, უკრაინის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა, დიდი ალბათობით, უკვე დაიწყო ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ფრონტზე გამოყენება.13 სექტემბერს უკრაინის წარმომადგენლების ცნობით, მათმა ძალებმა კუპიანსკთან ირანული Shahed-136 ჩამოაგდეს.

ირანის მტკიცებით, Shahed-136-ს 2 500 კილომეტრის რადიუსზე ფრენა შეუძლია.

ბრიტანეთის დაზვერვის დასკვნით, ფაქტი, რომ რუსეთი ირანულ დრონებს ფრონტის ხაზთან ახლოს იყენებს, მეტყველებს იმაზე, რომ, შესაძლოა, ისინი ამ სისტემის გამოყენებას ტაქტიკური იერიშებისთვის აპირებენ, ვიდრე უკრაინის სიღრმეში სამიზნეების განადგურებისთვის.

გასულ კვირებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტები და ჭურვები შეიძინა. 

კომენტარები