რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას ვერ ხედავს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოლაპარაკების პროცესის განახლებას გამორიცხავს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას. რაც შეეხება წამოყენებულ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ დგას მათ უკან, იქნება ეს პუტინი თუ ვინმე სხვა, ჩემი პრინციპი ასეთია: არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ რუსეთის ოკუპაციის სტრატეგია კანიბალიზმს შეადარა და თქვა, რომ უკრაინა კრემლის წესებით თამაშს არ აპირებს. 

"ისინი კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, შემდეგ მოლაპარაკებებს, ამით დროს იგებენ, რათა გაძლიერდნენ და მოემზადონ საბრძოლველად, ამის შემდეგ ისევ წინ მიიწევენ. ეს კრემლის სტრატეგიაა, თანმიმდევრული, ძალიან ნელი ვახშამი, რასაც რუსულ კანიბალიზმს ვუწოდებდი. მე ეს არ მომწონს, მათი წესებით თამაშს არ ვაპირებ". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ უკრაინელი სამხედრო მებრძოლები მზად არიან იქამდე გაუძლონ ოკუპანტების შეტევებს, სანამ ეს საფრთხე იარსებებს. ზელენსკის თქმით, უკრაინელ ხალხს საკუთარი სახლის დაცვა უწევთ - მათ არჩევანი არ აქვთ. 

"ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ეს ჩვენი სისუსტე არ არის. მე მჯერა, რომ ეს ჩვენი ძალაა. რუსეთს აქვს გამოსავალი, მათ სახლში დაბრუნება შეუძლიათ მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარი სახლის დაცვა გვიწევს". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები