ელისაბედ II-ს გარდაცვალება

მეფე ჩარლზ III: ელისაბედ II-მ მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება არასდროს შერყეულა

მეფე ჩარლზ III

გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ბუკინგემის სასახლიდან მოსახლეობას პირველად მიმართა. მისი თქმით, დედოფალმა ელისაბედმა მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება კი არასდროს შერყეულა​. 

"მოგმართავთ ღრმა სევდის თანხლებით. საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში, მისი უდიდებულესობა დედოფალი, ჩემი საყვარელი დედა, იყო შთაგონება და მაგალითი ჩემთვის და ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. ჩვენ მისადმი ყველაზე გულწრფელი ვალი გვმართებს, რაც შეიძლება ნებისმიერ ოჯახს ჰქონდეს დედის მიმართ, მისი სიყვარულისთვის, ალერსისთვის, ხელმძღავნელობისთვის, გაგებისა და მაგალითის მოცემისთვის.

დედოფალი ელისაბედი იყო კარგად ნაცხოვრები სიცოცხლე, ბედისწერასთან პირობაგაუტეხელი და მის გარდაცვალებას უღრმესი გლოვით აღნიშნავენ.

სწორედ ამ პირობას, სამუდამო მსახურებისა, დღეს თქვენს წინაშე ვანახლებ.

1947 წელს, თავის 21-ე დაბადების დღეზე თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას მან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, საკუთარი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს დაპირებაზე მეტი იყო, ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა". - თქვა მეფე ჩარლზმა.

ჩარლზმა აღნიშნა, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობის დროს საზოგადოებამ იხილა როგორც მისი სიყვარული ტრადიციების მიმართ, ამავდროულად მისი უშიშარი სწრაფვა პროგრესისკენ, რამაც ბრიტანეთი დიდ ქვეყნად აქცია.

მეფე ჩარლზის თქმით, ის დედოფლის მსგავსი ურყევი ერთგულებით, მისი მემკვიდრეობის გაგრძელების პირობას დებს.

"როგორც თავად დედოფალმა, ასეთი ურყევი ერთგულებით, მე ასევე ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელსაც ღმერთი მიბოძებს, დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს.

სადაც უნდა ცხოვრობდეთ, გაერთიანებულ სამეფოში, თუ მსოფლიოს სხვა სამეფოებსა და ტერიტორიებზე, რა წარსულიც და რწმენაც უნდა გქონდეთ, ვეცდები, გემსახუროთ ერთგულებით, პატივისცემითა და სიყვარული, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში". - თქვა ჩარლზმა.

კომენტარები