რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს

კადრი უკრაინელი სამხედროების ვიდეომიმართვიდან

უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ხარკოვის ოლქში ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც ჯარისკაცების ვიდეომიმართვა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.

"ბატონო პრეზიდენტო, ბატონო მთავარსარდალო, ხარკოვის ოლქში ქალაქი ბალაკლია კონტროლქვეშაა. ბრძანება შესრულებულია. რუსი ოკუპანტების სამხედროებმა უკან დაიხიეს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანაყოფი კრაკენი. დღეს, 8 სექტემბერს 16:00-ზე". – ამბობს ვიდეომიმართვაში კრაკენის ბატალიონის სამხედრო. 

"ყველაფერი თავის ადგილზე. უკრაინის დროშა თავისუფალ უკრაინულ ქალაქში თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ! მადლობა! ვამაყობ! თავს გაუფრთხილდით! გამარჯვებისკენ!". – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე.

გასულ დღეებში, სამხრეთში მიმდინარე კონტრიერიშის პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტება ბალაკლეის მიმართულებითაც დაიწყეს. ქალაქი 6 თვე ოკუპანტების ხელში იყო.

კომენტარები