საქართველო-რუსეთი

სერგეი შამბა: რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა იცვლება

სერგეი შამბა

მარიონეტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები იცვლება, რასაც აფხაზეთში ყურადღება უნდა მიაქციონ.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თუ გადავხდედავთ, რუსეთთან უარყოფითი დამოკიდებულების ისეთი ტალღა შექმნეს, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არაა. სიტუაციას, სხვათა შორის, მთლიან კონტექსტში, მთელი ურთიერთკავშირებით უნდა შევხედოთ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ხედავთ რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა იცვლება? გვირაბის აშენებას აპირებენ, რუსეთის საქართველოსთან დასაკავშირებლად, აფართოებენ ზემო ლარსში გაშვების შესაძლებლობებს. ეს არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სრული სურათის დანახვა გსურთ". – თქვა შამბამ.

შამბამ საუბრის დროს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიკაციას დაუჭირა მხარი და თქვა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ურთიერთობით, "ყველაფერს დაკარგავენ". 

შამბამ ასევე არ გამორიცხა, რომ აფხაზეთში 49 წლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა გადახედვას დაექვემდებაროს, მაგრამ, ამავდროულად, ხაზი გაუსვა, რომ ახლანდელი შეთანხმების მიხედვით, რუსეთს ტერიტორია 49 წლით გადაეცემა.

ბოლო პერიოდია რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილებაა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემასთან დაკავშირებით. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. 

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცემა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი, დაახლოებით 180 ჰექტარი მიწა და მიმდებარე აკვატორია.

გასულ თვეებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

კომენტარები