რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $675 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

HIMARS-ის სისტემა

აშშ უკრაინას დამატებით $675 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას The Washington post-ი  ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შეიარაღების ახალ პარტიაში იქნება მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების HIMARS-ის ჭურვები, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები