თბილისის მერია

კალაძე: დასრულებული ობიექტები გარკვეული პირობებით ექსპლუატაციაში შევა

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მშენებლობადასრულებული ობიექტები გარკვეული პირობებით ექსპლუატაციაში შევა. ეს ეხება ისეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით, მაგალითად დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა და ა.შ.

"როგორც იცით, დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადამთავრებული ობიექტები, რომლებიც დღემდე ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ კორპუსებში, რომლებიც დამთვარებული იყო და გარკვეული ხარვეზებისა და პრობლემების გამო არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. ამის მიზეზი იყო სამშენებლო კომპანიების, მშენებლების მიერ მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა მათ მეტი სარგებელი მიეღოთ. ამ პროცესით კი საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანები ზარალდებოდნენ, რადგან მშენებარე ობიექტის სტატუსის მქონე მათი ქონება არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად არის ყოველთვის ნაკლიანი. ასევე, ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო, მობინადრეები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ვერ სარგებლობენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და ვერ სარგებლობენ განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, რა დროსაც მერია და გამგეობები 100%-ით აფინანსებენ კორპუსში მაცხოვრებლებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს". - ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში.

"ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ. კანონის მიხედვით, ასეთი შენობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის ვადად განისაზღვრა 2 წელი. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებების მიღების ვადის ერთი წელი უკვე გავიდა ივლისის ბოლოს, ამ დროისთვის კი მერიას მიმართა 667-მა პირმა და დღეის მდგომარეობით, უკვე 167 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს რამდენიმე ასეული განცხადების განხილვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში, მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმართონ მერიას. ამისთვის კიდევ არის დრო და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა". - განაცხადა კალაძემ.

გასულ წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მშენებლებისთვის მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს. მათ შორის, დეველოპერებს ბინების ექსპლუატაციაში შესვლამდე მათი გაყიდვის უფლება აღარ აქვთ. კანონპროექტის მიხედვით, აკრძალულია ობიექტის ფუნქციონირებ იქამდე, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე, დაუშვებელია ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. 

 

კომენტარები