რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინამ სამხრეთით, ფრონტის ხაზზე საარტილერიო შეტევების ინტენსივობა გაზარდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ქვედანაყოფმა 29 აგვისტოს ქვეყნის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე საარტილერიო შეტევების ინტენსივობა გაზარდა.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინელების ზუსტი თავდასხმები ხელს უშლის რუსეთის ძალების მოქმედებას, თუმცა უკრაინის მიღწევის მასშტაბის განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია.

"აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთმა ხერსონის ოლქში დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე ქვედანაყოფების გაძლიერება დაიწყო. სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია, სავარაუდოდ, გაძლიერდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე არმიასთან შეერთების გამო.

არსებობს რეალური ალბათობა, რომ რუსეთი რამდენიმე ნახევრად დამოუკიდებელი ოპერატიული სარდლობის რაციონალიზაციას ცდილობდა, რამაც ომის დასაწყისში მათ წარუმატებლობას ხელი შეუწყო.

თუ უკრაინა სამხრეთით თავდასხმით ოპერაციებში წარმატებას მიაღწევს, ეს რუსეთის თავდაცვისთვის საკვანძო ფაქტორი იქნება". - წერია ანგარიშში.

29 აგვისტოს, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლის, სერგი ხლანის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

ამასთან ერთდ, კახოვკას ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლებმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი ჯარისკაცი ამბობს, რომ უკრაინის ქვედანაყოფებმა 29 აგვისტოს "თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს".

კომენტარები