რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: რუსეთმა С-300-ები სირიიდან ნოვოროსიისკში ბოსფორის გავლით გადაიტანა

С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა

გამოცემა Reuters-ი ისრაელის სატელიტურ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სირიიდან ყირიმის მახლობლად, ნოვოროსიისკის პორტში გადაიტანა, რაც, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოსკოვის მხრიდან საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების მცდელობაა.

ImageSat International-ის (ISI) სატელიტის აპრილის სურათებში ჩანს, რომ სირიაში, ქალაქ მასიაფში С-300-ები ჰქონდათ განთავსებული, 25 აგვისტოს კი ეს ადგილი ცარიელი იყო.

ფოტოებზე ჩანდა, რომ სირიაში, ტარტუსის პორტში ნავსადგომზე განთავსებული იყო С-300-ის ბატარეის ნაწილები 12-17 აგვისტოს შუალედში. 20 აგვისტოს ფოტოებში ეს ტექნიკა უკვე აღარ ჩანს. ISI-ს დასკვნით, ბატარეის ნაწილები აიტანეს რუსულ სატვირთო ხომალდ სპარტა II-ზე, რომელმაც ტარტუსი ნოვოროსიისკის მიმართულებით დატოვა.

ფინანსური ინფორმაციის ანალიზის კომპანიის, Refinitiv Eikon-ის მონაცემები აჩვენებს, რომ სპარტა II ახლა ნოვოროსიისკში იმყოფება, სადაც თურქეთიდან, დარდანელის სრუტის გავლით მივიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ISI-ს სურათებში ჩანს, რომ მასიაფიდან С-300-ის სისტემის რადარი განცალკევებულად გადაიტანეს ხმეიმიმის ავიაბაზე, რომელიც ტარტუსის ჩრდილოეთით მდებარეობს. კომპანიის ანალიტიკოსების აზრით, რადარის ზომა და წონა ზღვით ტრანსპორტირებისთვის შეუსაბამოა და შესაძლოა სჭირდებოდეს თვითმფრინავილიუშინ Ил-76-ით ტრანსპორტირება. 

უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ, თურქეთმა ბოსფორის სრუტე სამხედრო გემებისთვის ჩაკეტა. შედეგად, რუსეთის ფლოტი საზღვაო ძალებს უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერ აძლიერებდა. თუმცა, სავაჭრო გემებს ბოსფორის სრუტით გადაადგილება კვლავ შეუძლიათ.

ხომალდი სპარტა II აშშ-ს სანქცირებული ობიექტების სიაშია. გემი რუსეთის Оборонлогистика-ს ეკუთვნის, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ნაწილია. როგორც გამოცემა Naval News-ი წერს, გემის ეკიპაჟი სამოქალაქო პირებისგან შედგება, თუმცა ტვირთი, რომელიც გადააქვთ, ხშირად სამხედროა. 

თურქი ანალიტიკოსი, იურუკ იშიკი, რომელიც ბოსფორის სრუტეს აკვირდება, საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ბოსფორის სრუტის გავლით სპარტა II-ის გადაადგილება ჩანს. 

კომენტარები