რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მოსკოვმა და მისმა მომხრეებმა რუსული სახელმწიფო ტერორის ფასი უნდა გადაიხადონ

ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko/File Photo

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყაროს თითოეულმა წევრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთმა და კრემლის მოკავშირეებმა მაქსიმალურად დიდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის.

"თუ თქვენ რუსეთის მოქალაქეობა გაქვთ და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ - რუსეთის ტერიტორიაზე, თუ მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად უნდა ჟღერდეს. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, ომი უფრო ნაკლებ დროში დასრულდება. 

თავისუფალი სამყაროს თითოეულმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთსა და მის მომხრეებს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეთ რუსული სახელმწიფო ტერორი. ჩვენი ყველა დამცველის მადლიერი ვარ! თითოეული უკრაინელის - ვინც იბრძვის, ვინც სხვას ეხმარება, ვისაც გამარჯვების სჯერა და საკუთარი ქმედებებით მასთან გვაახლოებს. 

ყოველმა ახალმა დღემ უკრაინას ახალი შედეგი უნდა მოუტანოს". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები