რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. სამინისტროს განცხადებით, არ არიან დაშავებულები.
თუმცა, ყირიმის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.
ყირიმის რუსმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გამოაქვეყნა და დასძინა, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე მუშაობს, თუმცა დაშავებულებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
"ჯერჯერობით, სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში არცერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ". - წერს აქსიონოვი.
ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია.