რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა

NURPHOTO

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში ლატვიის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო ვითარების გამო" საელჩო აღარ იღებს სავიზო განაცხადებს რუსებისგან.

ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ახლო ნათესავის ლატვიაში დაკრძალვაზე გამგზავრების აუცილებლობა.

მანამდე, 1 აგვისტოს, ლატვიამ შეაჩერა შეთანხმება რუსეთთან სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ. რიგაში გადაწყვეტილების მიზეზად ფსკოვში ლატვიის საკონსულოს დახურვა დაასახელეს. ეს იყო ერთადერთი დიპლომატიური მისია, რომელიც რუსებს საზღვრის გადაკვეთის ნებართვას გასცემდა. შეთანხმება ძალაში 2010 წლიდან იყო.

ესტონეთმა 28 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის  მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემას შეწყვეტდა.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსებისთვის ტურისტულ ვიზებს კვლავ გასცემს, თუმცა ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მოძრაობა აღარ არის. საჰაერო სივრცე რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩაიკეტა. 

კომენტარები