რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევის დაბომბვას ერთ-ერთი უმდიდრესი უკრაინელი ბიზნესმენი, ოლეკსი ვადატურსკი ემსხვერპლა

ოლეკსი ვადატურსკი
Nibulon

31 ივლისს, ნიკოლაევის დაბომბვის შედეგად უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიზნესმენი ოლეკსი ვადატურსკი და მისი ცოლი, რაისა დაიღუპნენ.

74 წლის ბიზნესმენი კომპანია ნიბულონის მფლობელი იყო, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საქმეზეც მუშაობდა. ვადატურსკის უკრაინის ეროვნული გმირის ორდენიც ჰქონდა მიღებული.

ნიკოლაევის დაბომბვის დროს ვადატურსკი ცოლთან ერთად საკუთარ სახლში იმყოფებოდა. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი სკოლა და სერვის ცენტრი დაინგრა.

ვადატურსკის გარდაცვალებას ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი კიმიც გამოეხმაურა.

"მან ბევრი გააკეთა ნიკოლაევის ოლქისთვის, უკრაინისთვის. ფასდაუდებელია მისი წვლილი სოფლის მეურნეობისა და გემთმშენებლობის მრეწველობის განვითარებაში". - წერს კიმი Telegram-ის არხზე.

2021 წელს ოლეკსი ვადატურსკი Forbes-ის სიაში უმდიდრეს უკრაინელებს შორის 24-ე ადგილზე იყო. მისი ქონება კი 430 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

კომენტარები