რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ოდესის პორტზე: რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, იპოვის გზას, რომ არ შეასრულოს

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმამ აჩვენა, რომ მოსკოვი ყველანაირ გზას გამოიყენებს, რათა მარცვლეულის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულოს.

"ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რაც არ უნდა თქვას, რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, ის იპოვის გზას, რომ ვალდებულებები არ შეასრულოს". - წერს ზელენსკი Telegram-ზე. 

ასევე, უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი Twitter-ზე წერს, რომ შეთანხმებიდან ერთ დღეში ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

"მტერმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტს Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, 2-მა კი პორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურა". - წერს Telegram-ზე უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". თუმცა, გუტერეში აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო.

კომენტარები