ევროპის ცენტრალური ბანკი

2011 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის

ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორი, ქრისტინ ლაგარდი

ბოლო ათწლეულში პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. 0.50%-ით გაზრდის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი 0%-იან ნიშნულს გაუთანაბრდა, როცა აქამდე, ევროზონაში საპროცენტო განაკვეთი -0.5% იყო. 

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების, დაკრედიტების და ინფლაციის მაჩვენებელზე ახდენს გავლენას. რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რა პროცენტშიც ეროვნული ბანკი ხაზინიდან კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა პირდაპირპროპორციულად გაზრდის კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთს.

გადაწყვეტილების მიზეზად რეკორდული, მზარდი ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი დასახელდა. თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ანალიტიკოსები მონეტარული პოლიტიკის ასეთ მკვეთრ ცვლილებას არ ელოდნენ - მათი დიდი ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის 25 პუნქტით გაზრდას წინასწარმეტყველებდა. 

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი შედარებით დაბალია. 

თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს. შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს საკმაოდ ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება მოუწევს, რათა ინფლაციის შემაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს. 

კომენტარები