რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის განკითხვის დღე დადგება, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინას ოკუპირებულ ყირიმზე იერიშის შემთხვევაში "განკითხვის დღით" ემუქრება.

"დღეს კიდევ ერთი არც თუ ისე ფხიზელი განცხადება გაკეთდა რუსეთისგან უკრაინის სავარაუდო განკითხვის დღის შესახებ. რა თქმა უნდა, ასეთ დაშინებას ვერავინ აღიქვამს. მაგრამ ნახეთ, რამდენად ცინიკურია ამის თქმა დღეს, რუსეთის მიერ მალაიზიური ბოინგის უკრაინის დონბასის ცაზე განადგურების წლისთავზე". - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკვე მაშინ რუსეთი მიჰყვებოდა ამ გზას, ტერორისტული სახელმწიფოს გზას. ამიტომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალურ ტრიბუნალი აუცილებლად შეიქმნება".

"ეს იქნება რუსეთისთვის განკითხვის დღე. და არა გადატანითი მნიშვნელობით, არა როგორც ხმამაღალი გამონათქვამი, არამედ რეალურად. შეუძლებელია დათვალო რამდენი საარტილერიო და სხვა ჭურვები გამოიყენეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია ყველა რუსი ომის დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა. თითოეული კოლაბორანტი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტერორზე. ყველაფრისთვის, რაც ხდება 144 დღეა და რვა წელზე მეტია. ეს გაკეთდება". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

    კომენტარები