უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტის სამი განკარგულება გამოქვეყნდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ივან ბაკანოვი გაათავისუფლა.
ასევე, მეორე ბრძანების მიხედვით, გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა დატოვებს. ხოლო მესამე ბრძანებით, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად მოქმედი პროკურორის მოადგილე, ოლექსი სიმონენკო დაინიშნება.
პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ივან ბაკანოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლეს, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია.
ბაკანოვისგან განსხვავებით, ირინა ვენედიქტოვას გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულება რაიმე მინიშნებას მისი გათავისუფლების მიზეზებზე არ იძლევა.





