სოსო გოგაშვილი

გოგაშვილის დაკავების შემდეგ სუს-მა მისი შვილის სახლიც გაჩხრიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ სუს-ის წარმომადგენლები მისი შვილის, ნინი გოგაშვილის სახლშიც შევიდნენ და გაჩხრიკეს. 

"დაასრულეს ჩხრეკა, Wi-Fi-ს როუტერი მიაქვთ და ჩემი ლეპტოპი, ოღონდ, ვერ ვხვდები, ჩემი ლეპტოპი რატომ მიაქვთ, იმიტომ, რომ არ ვცხოვრობ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, დამოუკიდებელი, სრულწლოვანი ადამიანი ვარ და მაინც მიაქვთ ლეპტოპი.  

ჩემს სახლში ისევ არ უშვებენ ჩემი ოჯახის წევრებს, ისევ არ უნახავთ დედაჩემი და მამაჩემი, ჩემი ძმები და ძმისშვილი. [...] ოქმს არ მოვაწერე ხხელი, იმიტომ, რომ შეცდომით ეწერა ინფორმაცია იმ ოქმში. [...] სულ 10 ადამიანი იყო, 1 ამოქმებდა, 1 მე მელაპარაკებოდა და 8 გარეთ, სადარბაზოში იდგა. არ ვიცით, რის საფუძველზე იყო ეს შემოწმება, მარტო ის ვიცი, სოსო გოგაშვილის შვილი რომ ვარ, იმიტომ მიაქვთ ჩემი ლეპტოპი, სხვა პასუხი ვერ მივიღე. მოსამართლე იყო მიხეილ ჯინჯორია". - ამბობს ის.  

დღეს, 16 ივლისს, ნინი გოგაშვილმა დაწერა, რომ მისი ოჯახის წევრები, მათ შორის, სოსო გოგაშვილი, სავარაუდოდ, ამ დრომდე სახლში იმყოფებიან. 

"დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი 4 წლის ძმის შვილი, სავარაუდოდ ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად. არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე!!!!!! არაადამინები ხართ და პასუხს აუცილებლად აგებთ და ყველა ზომას მივმართავთ რომ ყველამ გაიგოს სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ ამ ყველაფრის დამგეგმავები!!!

გთხოვთ, ყველა კარგ ადამიანს, დამეხმარეთ ამ სიბოროტესთან ბრძოლაში რომ გადავარჩინო ჩემი ოჯახი და იგივე თქვენს ოჯახებსაც არ დაემართოს". - წერს ის. 

გუშინ, 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა - ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. ოფიციალური ინფორმაცია სუს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ტაბულა უწყებასთან დაკავშირებას ცდილობს. 

15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოქვეყნა, რომელშიც2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ “გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა”. გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

“სანამ საჯაროდ, ტელეეთერიდან მოგიყვებით სიმართლეს. 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას (საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან. დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა. გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად,მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ. სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს…

ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ…?

ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით. ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…? მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე. ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო! აბა მიდით, იმოქმედეთ, გელოდებით”.   

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები