საქართველო-ევროკავშირი

სტანო: ანალიტიკური ანგარიში დეკემბრისთვის მომზადდება, გაფართოების პაკეტი – 2023-ისთვის

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველო შესასრულებელ 12 პუნქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში მიიღებს. 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეფასდება. 

"საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველ წლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ პროცედურული მიზეზებით მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა შეუძლებელია. თუმცა, რაც ჩვენ დამატებით აღვნიშნეთ არის, რომ კომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს ამ წლის დეკემბერში, რომელიც ზუსტად იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველით საქართველოსგანაც, რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა პროცესების გასაგრძელებლად. [...] საქართველო მიიღებს ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში, 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე ანგარიშს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში". განმარტა სტანომ. 

მანამდე, ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა აღნიშნა, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს, რადგან, მისი განმარტებით, არ სურდათ "ქართული პოლიტიკური ელიტის დეპოლარიზაციის პროცესის დაჩქარება". ამის შესახებ სტანოს განმარტება არ გაუკეთებია. 

17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასახულ პირობებში აღნიშნული იყო, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს დასახული პრიორიტეტების შესრულებაში და მასზე ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის წარადგენდა. 

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები