აშშ-საქართველო

აშშ-ს სენატში შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტად გამოცხადების კანონპროექტია ინიცირებული

ჯინ შაჰინი

აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ წარადგინეს ინიციატივა, რომელიც ამერიკისთვის შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. 

ორპარტიული კანონპროექტი, შავი ზღვის უსაფრთხოების 2022 წლის აქტი, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით პოლიტიკა პრიორიტეტად გამოცხადდეს და შემუშავდეს სტრატეგია. 

სენატორი შაჰინის თქმით, აშშ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გაუმკლავდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის ამჟამად და გრძელ ვადაში შექმნილ გამოწვევებს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონპროექტიც.

"პუტინმა უკვე გვაჩვენა რამდენად მაღალ სტრატეგიულ ფასს ანიჭებს შავი ზღვის რეგიონს 2008 წელს საქართველოში შეჭრით, შემდეგ 2014 წლის ყირიმის ანექსიით და წელს უკრაინაში მორიგი შეჭრით. შავ ზღვაზე წვდომის კონტროლი ფუნტამენტურად მნიშვნელოვანია მისი ბოდვითი ოცნებისთვის, ააშენოს რუსეთის იმპერია და შეერთებული შტატები ამას ვერ დაუშვებს". – განაცხადა ჯინ შაჰინმა. 

სენატორი რომნის თქმით, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში არაპროვოცირებული ომი დაიწყო, შავი ზღვის რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა და აუცილებელია აშშ-ს ჰქონდეს სტრატეგია.

"პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული ომის პარალელურად, შავი ზღვა კრიტიკული მნიშვნელობის ხდება და ცხადი გახდა, რომ რეგიონში შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს სტრატეგია და წარმომადგენლობა". – თქვა რომნიმ.

კანონპროექტი გულისხმობს შავი ზღვის ქვეყნებთან მიმართებაში სტრატეგიისა და უწყებათაშორისი ანგარიშის შემუშავებას, ეკონომიკური კავშირების გამყარებას, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებასა და აშშ-ს, NATO-სა და შავი ზღვის პარტნიორებს (უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი და საქართველო) შორის სამხედრო დახმარებისა და კოორდინაციის გაზრდას. 

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შავი ზღვის რეგიონი არის მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ს აღმოსავლეთით ესაზღვრება. 

კომენტარები