რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ანდრიი მელნიკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ანდრიი მელნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, დაითხოვა უკრაინის ელჩები უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში.

მანამდე, მელნიკის სიტყვებს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, სტეპან ბანდერასთან დაკავშირებით, პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის პოზიციას გაემიჯნა. მელნიკმა გერმანელ ჟურნალისტ ტილო იუნგთან მიცემულ ინტერვიუში სტეპან ბანდერაზე ისაუბრა. უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ბანდერას ფრთას 1940-იან წლებში ბრალად ედება პოლონელებისა და ებრაელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის მოწყობა. ამასთან დაკავშირებით, მელნიკმა თქვა, რომ "ბანდერას მებრძოლების მიერ ასიათასობით ებრაელის დახოცვის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს" და ამაზე რუსული მხარე ლაპარაკობდა.

ასევე, კრიტიკული შეფასება მოჰყვა, მელნიკის სიტყვებს, როცა მან გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უთხრა, ნაწყენი ღვიძლის ძეხვობანას [გერმანული იდიომაა, რომელითაც მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც მარტივად განაწყენდებიან] თამაში სახელმწიფოებრივად არ გამოიყურება. აღნიშნული კომენტარისთვის უკრაინის ელჩს გერმანიაში ბოდიშის მოხდა მოუწია. 

კომენტარები