რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: მხარეები შავი ზღვის გავლით ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, უკრაინა და რუსეთი შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ერდოღანმა იტალიის პრემიერთან, მარიო დრაგისთან ერთად ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მოლაპარაკებები გრძელდება, რათა მარცვლეულმა და მზესუმზირის ზეთმა დანარჩენ მსოფლიოს მიაღწიოს". - თქვა ერდოღანმა.

მისი თქმით, კომერციული გადაზიდვისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჯერჯერობით მარცვლეულის დეფიციტს არ განიცდის, აფრიკა უკვე "დიდი პრობლემის" წინაშე დგას.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე უკრაინა მარცვლეულის უდიდესი ექსპორტიორი იყო, თუმცა რუსეთის შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის შემდეგ უკრაინა მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს ვეღარ ახერხებს, რაც ეგვიპტეს, იემენსა და სხვა ქვეყნებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

თურქეთი კი რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. უკრაინის მთავრობას სურს, რომ თურქეთმა გადამზიდი გემებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს.

კომენტარები