ბოლნისის საქალაქო სასამართლო

ბოლნისის საქალაქო სასამართლომ ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსება დისკრიმინაციად მიიჩნია

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის ცნობით, ბოლნისის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია. 

"ამ წელს (ისევე როგორც წინა წლებში) ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას 400 000 ლარის ოდენობით. სხვა რელიგიური ორგანიზაციები კი, მათ შორის, ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ საერთოდ არ იღებდნენ დაფინანსებას". - წერს თამთა მიქელაძე. 

თამთა მიქალეძის შეფასებით, საჯარო რესურსები სეკულარული საჯარო მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს რელიგიურ ორგანიზაციებს და ჯგუფებს შორის იერარქიისა და უთანასწორობისგან. მისივე თქმით, ეს საქმე პრეცედენტს შექმნის. 

"ამ გადაწყვეტილებას ვფიქრობ პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკების აღმოფხვრისთვის". - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქმეს სამირა ბაირამოვისა და სეიდ მირტაგი ასადოვის სახელით აწარმოებდა. 

გარდა იმისა, რომ 2021 წელს საქართველოს საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 25 მილიონი მიიღო, საპატრიარქო სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ხშირად იღებს დამატებით დაფინანსებებს. 2021 ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში ეპარქიისთვის 300 000 ლარი იყო გათვალისწინებული. 

კომენტარები