თურქეთი

თურქეთი ამერიკის ხმისა და DW-ის საიტებზე წვდომას ზღუდავს

30 ივნისს თურქეთის სასამართლომ Deutsche Welle-სა და ამერიკის ხმის თურქული გამოცემების საიტებზე წვდომა მას შემდეგ შეზღუდა, რაც გამოცემებმა მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. 

ორი საერთაშორისო გამოცემის მტკიცებით, მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების დაკმაყოფილება ცენზურის ტოლფასია. DW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რატომ ვერ შეასრულა გამოცემამ ნებართვისთვის საჭირო მოთხოვნები: მისი განმარტებით, მარეგულირებელი ორგანო უფლებას იტოვებს წაშალოს ის მასალა, რასაც თავად მიიჩნევს შეუსაბამოდ. 

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ორივე გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, კერძო ქსელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ უნდა აირიდოს თავი აკრძალვებს.

მარეგულირებელი ორგანოს მტკიცებით, რადგან საერთაშორისო გამოცემებიც პირდაპირ ტრანსლაციას, ვიდეო რეპორტაჟებს, საინფორმაციო სიუჟეტებსა და ბლოგებს თურქულ ენაზე აწარმოებენ, ისინიც ვალდებულები არიან, მოიპოვონ ონლაინ მაუწყებლების ლიცენზია.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრასიმ მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ აღნიშნა, რომ "თავისუფალი მედია ძლიერი დემოკრატიისთვის აუცილებელია" და უცხოური გამოცემებისთვის ლიცენზიის მოთხოვნა კი შემაშფოთებელი.

კომენტარები