სამხრეთ კორეა-NATO

სამხრეთ კორეა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის

იუნ სუკ იოლი
Reuters

სამხრეთ კორეა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ავრცელებს.

როგორც გამოცემა Reuters წერს, სამხრეთ კორეის ახალადარჩეული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიზანი ორგანიზაციასთან პარტნიორობის გაძლიერება და გლობალურ სცენაზე კორეის მიერ უფრო დიდი როლის შესრულება გახლავთ.

პროამერიკული ხედვებით გამორჩეული იუნ სუკ იოლი, ამ თვეში NATO-ს მადრიდში დაგეგმილ სამიტზე დასწრებასაც გეგმავს, სადაც ის უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ ისაუბრებს. თუმცა, ოფიციალური სეული ამ ეტაპზე კიევისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას არ აპირებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხრეთ კორეა NATO-ს ქვეყნებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე მუშაობას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში გასამართი სამიტის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება, სამხრეთ კორეა პარტნიორებთან ერთად ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განხილვასაც აპირებს.

კომენტარები