რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია რუსული გაზის მოხმარების შესამცირებლად გადაუდებელ ზომებს მიმართავს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

გერმანიის მთავრობის ცნობით, ბერლინი გადაუდებელ ზომებს მიმართავს, რათა რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, ქვეყნის ენერგომომარაგება უზრუნველყოფილ იქნეს. 

მთავრობის განცხადებით, გადაუდებელი ზომები ქვანახშირის წარმოების გაზრდასაც მოიცავს.

"გაზის მოხმარების შესამცირებლად, ენერგოენერგიის გამომუშავებისთვის ბუნებრივი აირის ნაცვლად, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები უფრო მეტი დატვირთვით უნდა გამოვიყენოთ". - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, სიტუაცია სერიოზულია, რის გამოც, ზაფხულში გაზის მოხმარება მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, რათა რესურსის რაც შეიძლება დიდი ნაწილის, რეზერვში გადატანა შეძლონ. ჰაბეკის სიტყვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში სიტუაცია "ნამდვილად დამძიმდება". 

გასულ კვირას, რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდებას მკვეთრად ამცირებს, გერმანიაში კი - თითქმის ანახევრებს. 

გაზპრომმა ამის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა, გერმანელი მაღალჩინოსნების თქმით, ეს პოლიტიკური პასუხია, რომლითაც კრემლი ბერლინს უკრაინის მხარდაჭერისთვის "სჯის".

კომენტარები