თბილისის მერია

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 15-ის ნაცვლად 17 ივნისს დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15-ის ნაცვლად, 17 ივნისს დაიწყება. ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა 17 ივნისის საღამოდ შეიზღუდება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 17 ივნისის საღამოდ ჩაიკეტება არსებული ქუჩა. იცით ახალი მოძრაობის წესების შესახებ, თუ რომელ ქუჩაზე რა მიმართულებით იქნება მოძრაობა – ვარაზისხევი ორმხრივი იქნება, კოსტავას ქუჩა ორმხრივი იქნება. 17 ივნისის საღამოდ მელიქიშვილზე საგზაო გადაადგილება შეიზღუდება და გადაეწყობა მოძრაობა იმ ქუჩების მიმართულებით, რომლებზეც ვსაუბრობდით. 17 ივნისიდან ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს". – თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სამუშაოების დროს ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მელიქიშვილის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად ცალმხრივია, სპეციალური ზოლები მოეწყობა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად შეძლებს მოძრაობას. 

რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მიმავალი ავტობუსები კოსტავას ქუჩასა და ვარაზისხევს აღარ გაივლიან და ისინი პირდაპირ მელიქიშვილის ქუჩაზე იმოძრავებენ. 

თბილისის მერიამ ტენდერი 3 იანვარს გამოაცხადა, რომლის ღირებულება 6.55 მილიონ ლარს შეადგენს და ის ტერიტორიის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯებს ითვალისწინებს. დოკუმენტაციაში თან დართულია სამშენებლო პროექტიც. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 120 დღეში უნდა უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ტროტუარების, ველობილიკის, სანიაღვრე ქსელის, ჭების, წყალმიმღების არხის, სახანძრო ჰიდრანტის, საგზაო ნიშნებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა.

კომენტარები