რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთმა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის გეგმას გონივრული უწოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ გაეროს გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების გეგმა "გონივრულია", თუმცა, მოსკოვთან და კიევთან დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. 

ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას სჯერა, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის აღდგენისა და რუსეთის მიერ დაბლოკილი პორტების გახსნისთვის მსოფლიომ ერთად უნდა იმუშაოს.

"ჩვენ უკრაინული მარცვლეულის ბაზარზე გატანის სხვადასხვა იდეაზე ვიმსჯელეთ, ყველაზე ბოლოს კი - გაეროს მექანიზმზე, რომელიც შესაძლოა უკრაინას, რუსეთსა და თურქეთს შორის შეიქმნას. ჩვენ ამას გონივრულად მივიჩნევთ. რა თქმა უნდა, ეს გეგმა უკრაინამ და რუსეთმაც უნდა მიიღონ". - თქვა ჩავუშოღლუმ.

უკრაინის პორტების განბლოკვასთან დაკავშირებით ლავროვმა თქვა, რომ საქმე ძალიან მარტივადაა და ბურთი უკრაინის მოედანზეა.ლავროვის სიტყვებით, მთავარი პრობლემა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა, რომელიც დანაღმული პორტების განაღმვას "კატეგორიულად ეწინააღმდეგება".

"ყოველდღიურად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, გემების უსაფრთხოების გარანტორები თავად ვიყოთ, მზად ვართ, ეს ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად გავაკეთოთ". - თქვა ლავროვმა. 

უკრაინა გადაზიდვებისთვის უსაფრთხოების ეფექტიან გარანტიებს ითხოვს, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსკოვმა პოტენციური დერეფანი შესაძლოა მის სამხრეთ პორტში, ოდესაში გადაადგილებისთვის გამოიყენოს.

თურქეთმა, რომელიც როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს, განაცხადა, რომ მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები შეთანხმდებიან. 

ასევე, ჩავუშოღლუმ ლავროვთან შეხვედრას "ნაყოფიერი" უწოდა და დასძინა, რომ მისი აზრით, მოსკოვის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის სასურსათო ექსპორტზე დასავლეთის შეზღუდვების შემსუბუქებას გულისხმობს, "ძალიან ლეგიტიმურია".

თურქეთს  NATO-ში მეორე უმსხვილესი არმია ჰყავს. ასევე, უძლიერესი საზღვაო ფლოტი, თუმცა, უკრაინის მარცვლეულით მოვაჭრეების კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ანკარა საკმარისად ძლიერი არ არის იმისთვის, რომ ამ ვითარებაში გარანტორი იყოს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები