რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ომის კურსზე დიდი გავლენა არ მოუხდენია

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიმდინარე ომის კურსზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალური კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს და უკრაინის მთავრობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

"ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, მათი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკებების გამართვა არ შეიძლება. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, უკრაინის პოზიციის გათვალისწინების გარეშე? ეს გასაოცარია". - ამბობს ზელენსკი.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, დღეს არსებული სანქციები რუსეთის ომის მიმართ დამოკიდებულებაზე რეალურ გავლენას ვერ ახდენს და უკრაინის პარტნიორებს რუსეთის მოლაპარკებების მაგიდასთან დასასმელად მეტის გაკეთება შეუძლიათ – უკრაინის საჭირო იარაღით მომარაგებისა და მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, მათ შორის ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დადებით.

"ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა, ამავდროულად, ამოწმებენ თუ რა შეიძელება გაკეთდეს, სანქციების შესამსუბუქებლად, რათა ბიზნესი არ დაზარალდეს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები