ქართული ოცნება

EPP: საქართველოში არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია

ევროპული სახალხო პარტია (EPP), ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. EPP-ის ცნობით, ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა. ევროპული სახალხო პარტიის შეფასებით, არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების "შეუჩერებელი ეროზია" გამოიწვია. 

"უკანასკნელ წლებში ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლას. ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური თანაბარი პირობებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, შეუჩერებელი ეროზია გამოიწვია". - ვკითხულობთ განცხადებაში.

EPP, ამასთანავე, შეეხო საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად აზიანებს. 

"საქართველოს მთავრობამ უფრო მკაფიოდ უნდა აჩვენოს, საქართველოს ევროპული გზისადმი ერთგულება - გზა, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ მკაფიოდ არჩეულია". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები