რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰაბეკი: ბერლინი უკრაინის ყველა სურვილს ვერ შეასრულებს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში თქვა, რომ გერმანია იარაღის მიწოდებაზე უკრაინის ყველა სურვილს ვერ შეასრულებს

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანელები უკრაინელ სამხედროებს Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალ ჰაუბიცებზე წვრთნიან, რის შემდეგაც ბერლინი უკრაინას ამ იარაღს გადასცემს. 

"სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინელი ჯარისკაცები Panzerhaubitze 2000-ის სამართავ წვრთნებს გადიან. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი იმის თქმა, თითქოს გერმანია უკრაინის დასახმარებლად არაფერს, ან ძალიან ცოტას აკეთებს. თუმცა, მართალია, რომ ბერლინი უკრაინის ყველა სურვილს ვერ შეასრულებს". - თქვა ჰაბეკმა. 

ჰაბეკის თქმით, დაძაბულობას იწვევს ისიც, რომ გერმანიისგან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნისგან, საზოგადოება სამართლიანად ბევრს მოელის, თუმცა ბრალდება, რომ გერმანია უკრაინის დასახმარებლად ძალიან ცოტას აკეთებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ბოლო წლების მანძილზე, გერმანიამ რუსეთთან არაკრიტიკული ურთიერთობა შეინარჩუნა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიუხედავად, გერმანიამ Nord Stream 2 მილსადენი ააგო". - თქვა ჰაბეკმა.
 

კომენტარები