რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კელინი: შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა ჩვენი იდეა არ არის

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ანდრეი კელინი
Aaron Chown/PA Images/Getty Images

რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ანდრეი კელინმა BBC-სთან ინტერვიუში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის ფაქტი უარყო და თქვა, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩასთან დაკავშირებული ომის დანაშაულები "ყალბია".

"ბუჩის მერმა თავდაპირველ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი დატოვეს, ყველაფერი სუფთა და მშვიდია, ქუჩაში არცერთი ცხედარი არ არის ნაპოვნი". - თქვა კელინმა.

კელინის თქმით, ამის შემდეგ რიტორიკა შეიცვალა და უკრაინამ მტკიცებულებები აღმოაჩინა, რომლებიც კრემლის აზრით, მანიპულაციის ნაწილია.

"ჩვენი აზრით, ეს არის გაყალბება. ის მხოლოდ მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის გამოიყენება.

მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა ჩვენი იდეა არ არის". - თქვა კელინმა.

კელინი ამბობს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის თავდაცვითუნარიანობისა და სამხედრო რესურსის შესამცირებლად მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას იღებენ მიზანში. ასევე, კელინის აზრით, რუსეთი უკრაინასთან ომში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.

"რუსეთს მათი გამოყენებასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი დებულებები აქვს. ისინი ძირითადად მაშინ გამოიყენება, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება - ამას კი არანაირი კავშირი აქვს მიმდინარე ოპერაციასთან". - დასძინა კელინმა.

კომენტარები