რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ომის ცხელი ეტაპი კვლავ გრძელდება, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები

ოლექს რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექს რეზნიკოვის ინფორმაციით, რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უკრაინის სამხრეთით.

რეზნიკოვმა რუსი ოკუოანტების  განადგურებული ტექნიკის გამოფენაზე თქვა, რომ ეს არის ჯილდო უკრაინის შეიარაღებული ძალების, მთელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლების გმირობისა და გამბედაობისთვის, რომლებიც ტოვებენ მხოლოდ მტრის ტექნიკის ნარჩენებს.

მისი თქმით, ესეც შეხსენებაა, რომ ომის ცხელი ეტაპი ჯერ კიდევ გრძელდება.

"ნაადრევია დასვენება, შეუერთდე მათ პარტიას, ვინც დაასრულა ომი. ომი გრძელდება და ახლა რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და სამხრეთ უკრაინაში. ორკების დამარცხების კამპანია ჯერ არ დასრულებულა. ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მსოფლიოს ე.წ. მეორე არმია უნდა განადგურდეს".- თქვა რეზნიკოვმა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები