წიგნის ფესტივალი

კულტურის სამინისტრო წიგნის ფესტივალის მხარდამჭერების რიგებში აღარაა – გვანცა ჯობავა

Gvantsa Jobava / Facebook

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, გვანცა ჯობავას ცნობით, კულტურის სამინისტრო 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერი აღარ არის. ჯობავა Facebook პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს მინისტრ თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა.

"მაგრამ წელს პირველად, დაახლოებით თორმეტწლიანი (მეტი თუ არა), თანამშრომლობის შემდეგ ჩვენი მხარდამჭერების რიგებში აღარ არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და, რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა. არ ვართ არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს. გაგიკვირდებათ და სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში, იქ იყო ყველაფერი, კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ!

შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს.

[...] დიახ, ჩვენ შევძელით და ამ გასაჭირმა გაგვაძლიერა, მაგრამ რა სამარცხვინოა ასე ხელაღებით ანგრევდე ყველაფერ ფასეულს, რაც ქართულ კულტურაში სამი ათეული წელია, უამრავი გაჭირვების, დაბრკოლებების მიუხედავად, ასე რუდუნებით იქმნებოდა. რა სამარცხვინოა, ებრძოდე თავისი საქმის პროფესიონალებს, ებრძოდე ყველაზე არასამართლიანი მეთოდებით. რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!" – წერს ჯობავა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26 მაისს გაიხსნა და 29 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები